logo
ENG



"დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია" - კალაძე

06 აგვ 202313:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/06/uuyoozvupa4h8g9.png

კახა კალაძემ სტიქიის ზონიდან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სტიქიისა და უბედურების დაზღვევა "შეუძლებელია".

"სტიქიისა და უბედურების აცილება, არ ვიცი, თქვენ ნახავდით, ალბათ, კადრებსაც, სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა, იტალიაში რამდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალმოვარდნა, უდიდესი უბედურება დატრიალდა, სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია", - განაცხადა მან.

მან ასევე ისაუბრა შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებზე და თქვა, რომ ხელისუფლება ამ რთულ ვითარებაში "მაქსიმუმს აკეთებს". მისი თქმით, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ყველა საჭირო ტექნიკა მობილიზებულია.

"შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად, ღვარცოფით არის დაფარული. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება ადგილზეა, კოორდინირებულად მუშაობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება, თქვენც გაქვთ საშუალება, ნახოთ, გადაიღოთ, რა მდგომარეობაა, როგორ მუშაობენ. ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში", - განაცხადა მან.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.


close დახურვა